რეკლამა

ვენეციის კინოფესტივალის პირველი დღის მიმოხილვა: “ლა ლა ლენდი” და “სინათლე ოკეანეებს შორის”

ვენეციის 73-ე კინოფესტივალმა მუშაობა “ლა ლა ლენდით” და “სინათლით ოკეანეებს შორის” დაიწყო. ფესტივალის გახსნის ფილმი ყველაზე გამამხნევებელი და არაჩვეულებრივი აღმოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში. კრიტიკოსები “ლა ლა ლენდს” გრავიტაცია ადარებენ, მაყურებელზე ზემოქმედების ძალის მიხედვით, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ვენეციის კინოფესტივალზე ფურორი მოახდინა და მოგვიანებით რამდენიმე ოსკარიც მიიღო. დენიელ შეზელის მიუზიკლს, როგორც ჩანს, იგივე წარმატება ელოდება. პრინციპში, შეზელის ფილმს კლასიკური გაგებით მიუზიკლსაც ვერ დავარქმევთ. ეს უფრო დრამისა და მიუზიკლის ნაზავია და მუსიკალურ ფილმს წარმოადგენს ჰოლივუდის კლასიკის საუკეთესო ტრადიციებში, როგორიცაა ბოლო პერიოდში გამოსული მამა მია!, ამერიკელი პარიზში, ბროდვეის მელოდია და კასაბლანკა. “ლა ლა ლენდის” მოქმედება ლოს ანჯელესში ვითარდება, სადაც ერთმანეთს ხვდებიან წარუმატებელი მსახიობი მია და ჯაზ პიანისტი სები. ასე ხვდება შეზელის ფილმში კინო მუსიკას.

გოსლინგისა და სტოუნის გმირები მღერიან და ცეკვავენ ფილმის ყველაზე რომანტიულ მომენტებში, რომლის პირველი ნაწილი ენერგიულ მონტაჟში გადის და სავსეა მუსიკალურ მხარეს დამატებული, ნათელი კოსტიუმებითა და დიდი მასობრივი სცენებით, როგორც ეს მიუზიკლების საუკეთესო ნიმუშებში ხდება. ფილმის მეორე ნაწილიდან შეზელი თავის საყვარელ ფსიქოლოგიურ თემაზე გადადის, რომელიც ოცნებებითა და მათი მიღწევის გზების ძიებითაა სავსე. მიას და სების პროფესიული სიძნელეები მათ სასიყვარულო ურთერთობაზე აისახება – არა ისე, როგორც ეს კინოში ხდება, არამედ აბსოლუტურად ნამდვილი ცხოვრებისეული რეალობით. სურათის მეორე ნაწილში მსუბუქ სიმღერებს, ბალადები, ლირიული კომპოზიციები და კარგად შერჩეული დიალოგები ცვლის. ცეკვები სულ უფრო იკლებს, ფერად კოსტიუმებს, მკაცრი შავი პიჯაკები და თეთრი პერანგები ეფარდება. მსახიობები, რომლებიც აქამდე თავიანთი კომედიური ნიჭის დემონსტირებას ახდენდნენ, ახლა პირად კრიზისს განასახიერებენ ისე, რომ ეკრანებს ვერ მოწყდებით.

“ლა ლა ლენდი” შეიძლება დაადანაშაულოთ უამრავ გამეორებაში, რომელიც ძველი კინოკლასიკიდანაა აღებული და ბანალური ამერიკული ოცნების მრავალჯერ დამუშავებულ თემაში, მაგრამ მას ვერ დასწამებთ ამ ძველი თემის ახლებურად მოწოდების დეფიციტს.

მეორე ფილმი, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალი გახსნა “სინათლეა ოკეანეებს შორის”, რეჟისორ სიენფრენსის სურათია, რომელიც ფესტივალის ყველაზე მოლოდინით აღსავსე პროექტად ითვლებოდა თავისი სამსახიობო შემადგენლობის გამო, – ფილმში მთავარ როლებს მაიკლ ფასბინდერი და ალისია ვიკანდერი თამაშობენ. ფილმი ცრემლებით სავსე მელოდრამა აღმოჩნდა დიასახლისებისთვის და ცრემლები აქ ტყუილად არ გვიხსენებია: ყველა გმირი ფილმის დიდ ნაწილს ტირილში ატარებს. ტირიან, ღრიალებენ, ცრემლებს იწმენდენ, მოკლედ ასახიერებენ განცდას, მის ყველა გამოვლინებაში. ფილმის სიუჟეტი, რომელიც ორი საათის განმავლობაში გრძელდება მთავარი გმირების ცხოვრების 30 წელს ასახავს. ესენი არიან ომიდან დაბრუნებული შუქურის დარაჯი ტომი და მისი ახალგაზრდა ცოლი იზაბელი, რომლებიც შვილზე ოცნებობენ. ბავშვის გაჩენას წყვილი ვერ ახერხებს, მაგრამ სასწაულის წყალობით, ნავში პოულობენ მიტოვებულ ბავშვს და ყველასგან ფარულად შვილად იყვანენ. პატარა ქალაქში ჭორები მალე ვრცელდება და წყვილის საიდუმლოც მჟღავნდება.

მშობლების მიერ გადატანილი დრამა, ყოვლისმომცველი სიყვარული და ალექსანდრ დეპლის მუსიკა მოხიბლავს კარგად აღზრდილ ქალბატონებს, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე სიყვარულზე ოცნებობენ, ანდაც ფასბინდერის გულშემატკივებს, რომელიც, როგორც ყოველთვის საოცრად მომხიბვლელია, განსაკუთრებით მამობრივი სითბოს დემონსტრირებისას. ვენეციის კინოფესტივალი გუშინ გაიხსნა. დაველოდოთ სხვა საპრემიერო ფილმებსა და კრიტიკოსთა შეფასებებს.

5 036
FACEBOOK კომენტარები